ნუზალის სამლოცველო

დვალეთი – ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში, იგი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთიდან დარიალის ხეობით, დასავლეთიდან მამისონის უღელტეხილით, ჩრდილოეთიდან ნარის აუზის ხეობებითა და სამხრეთიდან კი დიდი ლიახვის შენაკადთა ხეობებით. დღეს ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია, კერძოდ კი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ისტორიულად დვალეთი შუა საუკუნეებში საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში შემოდიოდა. კულტურულად და ეკონომიკურად ქართლთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში მის დასავლეთ კუთხეს ითვისებდა იმერეთის მეფე და რაჭის ერისთავი.

დვალეთის ტერიტორიაზე არაერთი ეკლესიაა შემორჩენილი, რომლითაც დასტურდება მისი მჭიდრო კავშირი საქართველოსთან და ქართულ კულტურასთან. მათ შორის გამორჩეულია მდინარე არდონის ხეობაში, სოფელ ნუზალში შემორჩენილია სამლოცველო ,,ნუზალ – არღუან“.

სამლოცველო დაახლოებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება, ის მნიშვნელოვანია, როგორც მისი მდებარეობით, აგრეთვე მოხატულობით და ქართული ასომთავრული წარწერებით. დღეს უკვე არავინ დაობს, რომ სამლოცველო ქართული კულტურის ნიმუშს წარმოადგენს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველ მეცნიერთაგან მისი ძირფესვიანი შესწავლა დღემდე არ მომხდარა.

XIII საუკუნეში მოხდა ნუზალის ეკლესიის რესტავრაცია, ამის შემდეგ ეკლესია ერთ-ერთ ძირითად სამლოცველოდ ქცეულა, პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი არის მიქელ-გაბრიელის სახელობის, ნუზალის ეკლესიაში წირვა-ლოცვა 1930 წლამდე მიმდინარეობდა.

სამლოცველოს შესწავლა განსაკუთრებით XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, მისით განსაკუთრებით რუსი მეცნიერები დაინტერესდნენ და ეს ინტერესი დღემდე არ განელებულა, ქართველ მეცნიერთაგან ნუზალის სამლოცველოს მხოლოდ რამოდენიმე შეეხო და ისიც ამ ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ძეგლების მიმოხილვისას.

მის შესახებ წერს გივი ღამბაშიძე, როდესაც მიმოიხილავს ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ქრისტიანულ ძეგლებს. აგრეთვე ივ. ლოლაშვილი, როდესაც განიხილავს პიროვნებათა გამოსახულებებს სამლოცველოს კედელზე. გამოთქმული იყო მოსაზრება, თითქოს ამ სამლოცველოში თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი იყო დაკრძალული, თუმცა ივანე ლოლაშვლის გამოკვლევებით საფუძვლიანად იქნა უარყოფილი ეს მოსაზრება.

Create a website or blog at WordPress.com

Up ↑