სენტის ტაძრის წარწერა

სენტის ტაძარზე არაერთი წარწერაა შესრულებული, მათგან შეიძლება გამოიყოს ერთი წარწერა, რომელიც ტაძრის განახლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. წარწერა პირველად აღმოაჩინა რუსმა მეცნიერმა ი. ვლადიმიროვმა ტაძრის შესწავლის დროს. თუმცა წარწერის ანალიზი შემოგვთავაზა ვინოგრადოვმა, სადაც ის თავის სტატიაში სენტის ფრესკებს განიხილავს.

ღვთისმშობლის ტაძარი განაახლეს ნიკიფორეს იმპერატორობის დროს, ალანიის მფლობელების

დავითისა და მარიამის დროს,

2 აპრილს წმინდა ანტიპასხის ხსენების დღეს

თეოდორე ალანიის მიტროპოლიტის ხელით

დასაბამითგან 6473 წელს.

      ტექსტის მიხედვით ჩანს, რომ მოხდა ტაძრის განახლება და დასახელებულია იმდროინდელი საერო და სასულიერო მოღვაწეები. წარწერის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ როდის მოხდა ტაძრის განახლება, თუ გადავიყვანთ თარიღს ბიზანტიური მოქცევის მიხედვით მივიღებთ 965 წელს. ამ პერიოდში მოღვაწეობდა სწორედ ბიზანტიის იმპერატორი ნიკიფორე II ფოკა (962-969).

      რაც შეეხება დავითისა და მარიამის მოხსენიებას, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ვერ ხერხდება მათი გაიგივება რომელიმე მთავართან და მის მეუღლესთან. თუმცა წარწერის მიხედვით აშკარაა, რომ დავითი და მარიამი იმ დროისთვის ალანეთის მმართველები არიან და დაკავებული იყვნენ ტაძრების განახლებითა და მშენებლობებით.

      საინტერესოა ასევე ნახსნები ალანიის მიტროპოლიტი თეოდორე, ისევე როგორც დავითისა და მარიამის შემთხვევაში ვერც თეოდორეს დაკავშირება ხერხდება რომელიმე იმ დროისთვის მოღვაწე სასულიერი პირთან. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალანიის მიტროპოლიტად პირველად იხსენიება ნიკოლოზი 997-998 წლებში, შესაბამისად თუ თეოდორე, როგორც წარწერიდან ჩანს ალანეთის მიტროპოლიტია, ამ წარწერით ეს სამიტროპოლიტო კიდევ უფრო ძველდება დაახლოებით 32 წლით.

      დღეს ჩვენს ხელთ არსებული იმფორმაცია არ გვაძლევს საშუალებას ბოლომდე მოვახდინოთ წარწერის წაკითხვა და გაანალიძება, თუნდაც იმითომ რომ ჩვენ ხელთ არ გვავქს ტაძრის წარწერის ორიგინალი და მასზე საუბარი გვიხდება სხვადასხვა ავტორების მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდ შევძლებთ მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას და მას გავაცნობთ მკითხველს.

.

ინგუშები

ინგუშების თვითსახელწოდებაა ღალღაი. ისინი ჩაჩნების მონათესავენი არიან. ინგუშური და ჩაჩნური ენები კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფში შედის. ინგუშების თვითსახელწოდება მათი ერთ-ერთი ლოკალური ტერიტორიული ჯგუფის სახელიდან _ ღალღებიდან მომდინარეობს, რომლებსაც სხვანაირად ხამხელებსაც უწოდებდნენ. ქართული საისტორიო წყაროებით, ინგუშები ღლიღვებად იწოდებოდნენ. მათ მეზობელი ქართველი მთიელები ქისტებადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს ეთნონიმი  ჩაჩნებსაც აღნიშნავდა.

რაც შეეხება ეთნონიმს “ინგუში”, ის წყაროებში XVIIIს-ის დასაწყისში გაჩნდა და მომდინარეობს სოფელ ონგუშტის (ანგუშტის) სახელწოდებიდან, რომელიც XVIIს- ის ბოლოსათვის იხსენიება, როგორც დიდი დასახლება. ეს სოფელი ტარსკის ველზე ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონში მდებარეობდა. რუსებმა ინგუშები სწორედ ამ სოფლის _ ონგუშტის საშუალებით გაიცნეს და ხალხსაც მთლიანად სოფლის სახელიდან გამომდინარე “ინგუშები” დაარქვეს, რაც შემდეგ საყოველთაოდ გავრცელდა.

ინგუშების მთიდან ბარში მიგრაცია XVI-XVIIსს-ში დაიწყო. მათი მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტარსკის ველი და სხვა მიწები იყო მდ. კამბელევკის ხეობაში. როგორც ჩანს, ინგუშების განსახლების არეალი, ეთნიკური ტერიტორია მუდმივი არ იყო და ხშირად იცვლებოდა. დღევანდელი განსახლების არეალი კი XVIIს-დან ჩამოყალიბდა. ინგუში ხალხის ყველაზე აღმოსავლეთი ეთნიკური ტერიტორია _ ღალღაი ასის ხეობაში იყო.

ინგუშეთი რუსეთის შემადგენლობაში 1810 წელს შევიდა. 1924 წელს შეიქმნა ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქ ვლადიკავკაზში მდებარეობდა. 1934 წელს ის შეერთებულ იქნა ჩაჩნეთის ავტონომიურ ოლქთან. 1936 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად. 1944 წელს ინგუშები, ჩაჩნებთან ერთად, დეპორტირებული იქნენ შუა აზიასა და ყაზახეთში; რესპუბლიკა გაუქმდა. ტოტალური რეჟიმის პირობებში ინგუშთა ეთნოსი გაქრობის წინაშე იდგა. 1992 წელს, რუსეთის შემადგენლობაში, დამოუკიდებელი ინგუშეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ჩრდილოეთ ოსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისა და ჩაჩნეთში ომის გამო დაახლოებით 60 ათასი ინგუში შესახლდა ინგუშეთში.

ძველი ინგუშური სოფლები მთის ციცაბო ფერდობებზე და ჩაკეტილ ხეობებში იყო განლაგებული.  ძალიან ხშირად საცხოვრებელი და საბრძოლო კოშკები ერთმანეთის სიახლოვეს იყო. მათ მაღალი ქვის ღობე ჰქონდათ შემოვლებული. ყველა ინგუშური საბრძოლო კოშკი არქიტექტურის ღირშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.

ინგუშეთის მოსახლეობა სოციალურად დიფერენცირებული არ ყოფილა. მათ არც ხანები, ბეგები და არც თავადები არ ჰყოლიათ. სისხლის აღება მთელი გვარის ვალდებულებას წარმოადგენდა, მაგრამ პირველ რიგში, ის ახლო ნათესავების _ პატრონიმიის წევრების საქმე იყო. ხშირად შურისძიება წლობით გრძელდებოდა და ის თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ინგუშეთში სრული სისხლის გადასახადი დაახლოებით 130 ძროხა იყო. ასეთ შემთხვევაში ახლო ნათესავები რვა-რვა ძროხას იხდიდნენ, ყველაზე დაშორებული ნათესავები კი _ თითო თხას.

ინგუშთა საზოგადოებრივ ყოფაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სტუმართმოყვარეობა. სტუმრის ეთნიკურობასა და სარწმუნოებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოჯახის უფროსი პასუხისმგებელი იყო სტუმრის სიცოცხლეზე.  ინგუშები სუნიტი მაჰმადიანები არიან. მაგრამ ეს სარწმუნოება მათ ქვეყანაში საკმაოდ გვიან შეიჭრა და საბოლოოდ XIXს-ის პირველ ნახევარში განმტკიცდა. მანამდე იქ ქრისტიანობა იყო გავრცელებული და დღემდეა შემორჩენილი ქრისტიანული ეკლესიები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელობანი არის ტყობა-ერდი.

Create a website or blog at WordPress.com

Up ↑