ხოზიტა-მაირამის ფრესკები

ტაძარი ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ თავისი, გარკვეული ეპოქისათვის დამახასიათებელი, არქიტექტურით, არამედ კედლის მხატვრობის ფრაგმენტებითაც. ამჟამად, ძეგლის ცუდი დაცულობის გამო (დანგრეულია კამარა, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლები), კედლის მხატვრობა წარმოდგენილია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახით. ძირითადად შენახულია მხოლოდ მონახაზი მღვდელმთავართა გამოსახულებებისა საკურთხეველში და “ჯვარცმის” სცენისა სამხრეთის კედელზე. საღებავის ფენა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სრულიად ჩამორეცხილია მაგრამ, მიუხედავად კედლის მხატვრობის ცუდი დაცულობისა, ეს ცალკეული ფრაგმენტები საშუალებას გვაძლევს ნაწილობრივ მაინც წარმოვიდგინოთ მოხატულობის საერთო აღნაგობის სქემა და გავარკვიოთ მისი შექმნის დრო.

აფსიდის კედელზე გაშლილი იყო: ერთი მოციქულთა და ერთი მღვდელმთავართა რეგისტრი. ზემო რეგისტრების ფიგურებიდან მხოლოდ ზოგან არის შერჩენილი სახეებისა და შარავანდების მოხაზულობა და აგრეთვე სამოსელის ქვემო კალთები და ფეხის ტერფები. ქვემო, უფრო ფართო, რეგისტრში, რომელიც აფსიდის სარკმლის ზემო დონეზე იწყება, გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი მკვეთრი ფრონტალური დაყენებით. ცალი ხელი მათ აწეული აქვთ კურთხევის ნიშნად, მეორეში დაკეცილი სახარება უჭირავთ. ამჟამად შერჩენილია მხოლოდ რამდენიმე ფიგურის მონახაზი. კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ზემო რეგისტრში, რომელიც სარკმლის ქვემო დონეზე თავდებოდა, მოთავსებულია ორი სცენა, რომლებსაც მაღალი სარკმელი ყოფს. სარკმლის მარცხენა მხარეს, საფიქრებელია, გამოსახული იყო “ელისაბედისა და მარიამის შეხვედრა“, რომლისგანაც ადგილ-ადგილ გადარჩენილია მხოლოდ ურთიერთისაკენ მიმართულ, ახლო მდგომ ქალების ფიგურათა კონტურები.

ქვემო რეგისტრში, ზემო რეგისტრის შესაბამისად, წარმოდგენილია ორი სცენა: “ჯვარცმა” და “მენელსაცხებლე დედანი საფლავთან”. “ჯვარცმის” სცენა, სამხრეთის კედლის სხვა კომპოზიციებისაგან განსხვავებით, თითქმის მთლიანად არის შენახული მონახაზის სახით. ამ კომპოზიციის იკონოგრაფიული ნიშნები ჩვეულებრივია შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისათვის. ანალოგიურად აგებული კომპოზიცია გვაქვს, მაგალითად, ბოჭორმის მოხატულობაში, რომელიც XII ს-ის შუა წლებს მიეკუთვნება. ფიგურებს, საერთო სიმკაცრესთან ერთად, გარკვეული ლირიკული განწყობილება ახასიათებს, რაც მათ სტილისტიკურად აახლოებს “ჯვარცმის” სცენასთან ბოჭორმის და ბეთანიის (XIII ს. დამდეგი) მხატვრობაში. 

სამხრეთის კედლის დასავლეთ მონაკვეთში, ზემო რეგისტრში გამოსახული იყო “წმ.ევსტატეს ნადირობა“, რომელიც საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. ამჟამად კომპოზიცია ძნელად იკითხება. ჩვეულებისამებრ ის ორი ფიგურისაგან არის აგებული; მხედარი, რომელიც მშვილდით ისარს ისვრის, გამოსახულია სარკმლის მარცხნივ, მარჯვნივ კი – გაქცეული ირემი

საკურთხევლის სარკმელში შერჩენილი ორნამენტის ნაშთების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტაძრის სხვა სარკმლებიც ორნამენტით იყო დეკორირებული. ანალოგიური მცენარეული ორნამენტი გვხვდება XI–XII საუკუნეთა მრავალ ქართულ ფერწერაში.

მიუხედავად იმისა, რომ “ხოზიტა-მაირამის” ტაძარში კედლის მხატვრობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაშთებია შერჩენილი, ის ცალკეული თავისებურებანი, რომლებიც მჟღავნდება კომპოზიციების აღნაგობაში, აგრეთვე მონახაზ–ნახატის ხასიათი, საშუალებას გვაძლევენ დაახლოებით ვივარაუდოთ მისი შესრულების დრო. გარკვეულ მონუმენტალობასთან ერთად, რაც დამახასიათებელია ადრინდელი – XI ს.-ის – ქართული მხატვრობისათვის (მღვდელმთავართა ფრონტალური მსხვილი ფიგურები, “წმ.ევსტატეს ნადირობის” კომპოზიციის მონუმენტალური და მკაფიო აგება), “ხოზიტა-მაირამის” მოხატულობაში შესამჩნევია მთელი რიგი ნიშნები, რომლებიც მოწმობენ მოხატულობათა მონუმენტალური აგების პრინციპებიდან ჩამოშორებას და მეტი დინამიკურობისა და დეკორაციულობისაკენ მისწრაფებას, რაც დამახასიათებელია XII ს. მეორე ნახევრისა და XIII ს. დამდეგის ქართული კედლის მხატვრობისათვის.

სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ

Leave a comment

Create a website or blog at WordPress.com

Up ↑