დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს ნუზალის სამლოცველოს ფრესკების კონსერვაცია, ექსპედიციას ხელმძღვანელობს ვლადიკავკაზის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი ლუდმილა გაბოევა.
სამლოცველოში ფრესკები განაწილებულია ორ რეგისტრად, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფილია წითელი ხაზით. ჩრდილოეთის ზედა რეგისტრზე წარმოდგენილია დეისუსი ღვთიური მეომრებით გარშემორტყმული. აქ ჩვენ არ გვხვდება საშინელი სამსჯავროს სცენა. დეისუსის მსგავსი სცენა ჩვენ გვხვდება სვანეთში, კერძოდ იფრარის თემში, ადიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში.
ტაძრის ნავის მეორე რეგისტრში, სამხრეთის მხარეს გვხვდება სიმეტრიულად განლაგებული კომპოზიცია ,,წმინდა გიორგი გველეშაპის განმგმირავი“, ხოლო ჩრდილოეთის მხარეს ,,წმინდა ევსტათი“. ეს ორივე კომპოზიცია შესრულებულია ლურჯ ფონზე.
დასავლეთით, შემოსასვლელის თავზე გვხვდება გაბრწყინებული ჯვრის გამოსახულება, შესრულებული წითელი ფერით თეთრ ფონზე. ჯვრის ქვედა ნაწილი სავსეა ორნამენტებით. ჯვრის ზედა ნაწილში გვაქვს ასომთავრული წარწერა.
სამლოცველოს ქვედა რეგისტრზე ფრესკების ნაწილი წაშლილია, ყველა გამოსახულება შესრულებულია თეთრ ფონზე. შემორჩენილია წმინდანთა ოთხი გამოსახულება – ორი ეპისკოპოსი და ორი დიაკონი. იკითხება სახელები დიაკონი რომანოზი და ეპისკოპოსი ბასილი.
ამავე რეგისტრში წარმოდგენილია კიდევ ექვსი წმინდანის გამოსახულება ერთ ჯგუფად, ერთ-ერთ მათგანს ხელში ბავშვი უჭირავს, გამოსახულებები წარმოდგენილია ვედრების პოზიციაში საკურთხევლის მიმართულებით. იკითხება მათგან სამის სახელი – ელია, თეოდორე და სოსლანი – ეს სახელი ჩანს განკუთვნილია ბავშვისთვის.
აღნიშნულმა კომპოზიციამ მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო 1946 წელს, როდესაც არქეოლოგმა ე. პჩელინამ სამლოცველოში გათხრილ სამარხში აღმოჩენილი ჩონჩხი სამლოცველოს კედელზე არსებული ფრესკის წარწერასთან – ,,სოსლანთან“ კავშირში და გარკვეულ ფოლკლორულ მასალაზე დაყრდნობით, თამარ მეფის მეუღლის – დავით სოსლანისად გამოაცხადა.
1971 წელს ივ. ლოლაშვილმა ისტორიულ-ფილოლოგიური, ეთნოგრაფიულ-ფოლკლოლური კვლევის, ნუზალის სამლოცველოს კედლის მხატვრობისა და წარწერათა შესწავლის საფუძველზე, მართებულად გააკრიტიკა და უარყო პცელინას ვარაუდი ,,ნუზალ-არღუნში“ დავით სოსლანის დაკრძალვის შესახებ.
,,ნუზალ-არღუნის“ ინტერიერის ჩრდილოეთის კედელზე, ქვედა რეგისტრში, როგორც აღვნიშნეთ არსებობს საკურთხევლისკენ მიმართული ვედრების პოზაში გამოსახულ ქტიტორთა – საერო პირთა ექვსფიგურიანი კომპოზიციის ნაშთი, რომელთაგან მესამე (აღმოსავლეთიდან დასავლეთით), პორტრეტის მარჯვნივ არსებული წარწერით – ,,სოსლან“, მიიჩნიეს დავით სოსლანად.
როგორც ჩანს მესამე და მეხუთე ფიგურა ქალებისაა. ისინი ერთმანეთს ემსგავსებიან და განსხვავდებიან პირველი, მეორე და მეოთხე ფიგურებისგან.
ეს ნიშნებია: 1. უწვერო, პატარა სახის ოვალი. საინტერესოა, რომ მესამე ფიგურას თმა თავსაბურავით აქვს დამალული, რაც, ალბათ, იმდროინდელ ოსეთში თმის დაყენების წესით იყო განპირობებული. ამ ფიგურის მსგავსად, ისე რომ თმა არ უჩანს, თავსაბურავი შემოტმასნილი აქვს XI-XII საუკუნეების ზმეისკოეს გვიანალანურ კატაკომბურ სამარხში აღმოჩენილ ცხენის ბრინჯაოს საშუბლის ქალის ფიგურას.
2. თავსაბურავი. იგი შედარებით უკეთ აქვთ შემონახული მეორე და მესამე ფიგურებს. მათ შორის განსხვავება უდავოა, მაგრამ, დაზიანების გამო, მათი ტიპების შესახებ მსჯელობა რთულია.
3. ტანისამოსი. მესამე და მეხუთე ფიგურების სამოსი შედგება ზედატანისა და ქვედატანისაგან. ზედატანი გრძელი და ვიწრო სახელოებიანია, მოთვალულ-მომარგალიტებული მაღალყელიანი მოსასხამითა და საგულით, ქვედატანი კი, წვრილად დანაოჭებულია. პირველ, მეორე და მეოთხე ფიგურებს განსხვავებული ტანისამოსი აცვიათ: მაღალყელიან, გრძელსა და ვიწროსახელოებიან ქვემოტა საცმელზე – პერანგზე, ზევიდან გრძელი, წელში დავიწროებული, მოკლესახელოებიანი, მარცხენა მხარეს ცახსნილი, სამკუთხედად ჩაჭრილი და არშიაშემოვლებული გულისპირიანი კაბა აცვიათ, რომელიც შემოსალტულია ვარსკვლავისებრი სამკაულით დაბოლოებული თასმით.
4. ქვედა ტანის განიერი მონახაზი.
აღსანიშნავია, რომ მესაამე ფიგურას ხელთ ჩვილი ბავშვი უპყრია. მეექვსე ფიგურის თავის მარჯვნივ არის წარწერა ,,სოსლან“, რომელიც შესაძლოა სწორედ ჩვილი ბავშვის სახელი ყოფილიყო. ქალის, ალბათ დედამისის, სახელი ამჟამად ვერ იკითხება, მისი და ,,სოსლანის“ პორტრეტთა შორის რამდენიმე ასობგერის კვალიღაა შემორჩენილი.
აღსანიშნავია, რომ ქტიტორთა მთელი კომპოზიცია და, განსაკუთრებით ჩვილის ფიგურა ძალზე დაზიანებულია და შესაბამისად მასზე ზუსტი მსჯელობა მეტად რთულია. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ბავშვის ფიგურა მოგვიანებითაცაა ჩამატებული ქტიტორთა ამ კომპოზიციაში. თუმცა ამის საწინააღმდეგოდ შემდეგი გარემოებები მიუთითებს. კერძოდ, მეორე და მესამე ფიგურას შრის დაცილება დიდია – ჩანს ეს ადგილი თავიდანვე იყო განსაზღვრული ბავშვის ფიგურისათვის; მეორეც – ბავშვი რომ შემდეგ იყოს ჩახატული, მაშვინ მის მარჯვნივ მოტავსებული წარწერა ,,სოსლან“ მესამე ფიგურას უნდა ეკუთვნოდეს, ამიტომ გაუგებარი იქნებოდა მისგან ასე დაცილება და მეორე ფიგურის თავსაბურავთან ახლოს მიწერა. მესამე ფიგურას თავისი წარწერა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ მეხუთე ფიგურის თავს ზემოთ, მარჯვნივ, ორსტრიქონიანი წარწერაა, რომლის ზედა ნაწილი ამჟამად წაშლილია, მეორე სტრიქონიდან კი სიტყვის ბოლო ასო ,,დ“ და განკვეთის სამი წერტილია დარჩენილი.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ,,ნუზალ-არღუნში“ გამოსახულ არცერთ ქტიტორთაგანს ხელთ ეკლესიის მოდელი არ უპყრია, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არა სამლოცველოს ამგებელნი, არამედ მისი მოხატველები არიან.








Leave a comment